შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი 2021-2024 წლებში 900 ჰექტრით გაიზრდება. ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს “ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაცაზე განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, 2021-2024 წლებში სეტყვისგან დამცავი სისტემების განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება შიდა ქართლის რეგიონში იგეგმება.
„ბუნებრივი მოვლენებით გამომდინარე რისკებიდან, კახეთისთვის განსაკუთრებით აქტუალური იყო სეტყვა, რაც 8 წლიანი მმართველობის პირობებში მნიშვნელოვანწილად გადაწყდა იმ სისტემით, რომელიც კახეთში ფუნქციონირებს და რომელსაც ოპერირებას თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფი „დელტა“ უწევს. ჩვენ გვაქვს სხვა რეგიონებიც, სადაც სეტყვის კუთხით გამოწვევები კვლავ დიდია. ამიტომ, შიდა ქართლის რეგიონისთვის დავამუშავეთ სისტემა, რომელიც დაკავშირებული იქნება თანამედრვე მეტეოროლოგიურ რადართან და რომელიც 2021 წლიდან ამოქმედდება. შედეგად, მომდევნო წლებში, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი 900 ჰექტრით გაიზრდება“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიების პარალელურად, სახელმწიფო თანადაფინანსებების სახით დაეხმარება სეტყვის საწინააღმდეგო ინდივიდუალური სისტემების დამონტაჟებას.
ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის დარგის ეფექტიანი განვითარებისთვის დაგეგმილ ცალკეულ პროექტებზე ისაუბრა.
„ჩვენ გვესმის, რომ საგრანტო დახმარება კონკრეტულ მიმართულებებს სჭირდება. ეს არის აღებული მოსავლის დაბინა ვება, იაფი ფულადი რესურსები თუ ტექნიკური შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენ შევქმნით. ამისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი საინვესტიციო რესურსი. ჩვენ, უკვე დავიწყეთ მოსავლის ამღები ტექნიკის საგრანტო დაფინანსება, რის შედეგადაც ქვეყანაში კომბაინების პარკი გაიზარდა და ის დეფიციტი, რომელიც გვქონდა, გვახსოვს, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოგვყავდა ტექნიკა, დღეს აღარ არის. თუმცა, მომავალ წლებში, საჭიროა გაგრძელდეს თანადაფინანსება ამ მიმართულებით. ჩვენ, დარწმუნებული ვართ, რომ მრავალი ფერმერი ისარგებლებს ამ პროგრამით და ეს არ ეხება მხოლოდ მარცვლეული კულტურების ამღებ კომბაინების თანადაფინანსებას, არამედ ყველა იმ ტექნიკის, რომელიც საჭიროა მოსავლის დაბინავებისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.