„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგობრივი მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან იყო მრავალწლოვანი კულტურების ხელშეწყობა, რაც სანედლეულო ბაზას უქმნის გადამამუშავებელ საწარმოებს, რომელიც ასაქმებს ჩვენს მოსახლეობას იძლევა დამატებით შემოსავლებს და გვაძლევს საშუალებას რომ მეტი საექსპორტო პროდუქცია ვაწარმოოთ ქვეყანაში - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სოფლის მეურნეობის პროგრამული მიმართულების წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ დაიწყო მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსებას გულისხმობდა.
„ ეს იყო საგრანტო თანადაფინანსება, იმიტომ რომ მრავალწლიან ინვესტიციებში ასეთ იაფ ფულად რესურსებთან ერთად საჭიროა გარკვეული საჩუქარი სახელმწიფოს მხრიდან. მნიშვნელოვანი საგრანტო დაფინანსების შედეგად ჩვენ მივიღეთ ახალი, თანამედროვე ინტენსიური ბაღები მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრამას, ჩვენ 5,000 ჰექტრამდე ახალ ბაღს გავაშენებთ, რაზეც 40 მლნ ლარზე მეტს დავხარჯავთ" - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, 2015 წლიდან, პროგრამის „დანერგე მომავალი“ დაწყებიდან დღემდე, ჯამში, ახალი მრავალწლოვანი ბაღები გაშენდა 10,00 ჰა-მდე მიწის ფართობზე.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად სოფლის მეურნეობის სფეროში მიღწეული შედეგებისა, მისი პოტენციალის სრულად გამოსაყენებლად წინ დიდი სამუშაოა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ დარგის პროგრესს, რომელიც მომავალ წლებში განვითარდება და ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით თანმიმდევრული იქნება. მოსახლეობას რაც დავპირდით, მნიშვნელოვანი ნაწილი შევასრულეთ, თუმცა ჩვენ ვართ განვითარების გზის მხოლოდ დასაწყისში. ერთ-ერთი პირველი რაც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება, ეს არის იაფ ფულად რესურსებზე ხელმისაწვდომობა. ეს იყო ჩვენი დაპირება, რომელიც შესრულდა 2013 წელს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ იაფი აგროკრედიტის პროგრამა. ჩვენ ვნახეთ თუ რამდენად შთამბეჭდავი იყო რიცხვები, თუმცა გავგრძელებთ ამ პროგრამას, რადგან გვესმის, რომ იაფი ფულადი რესურსები სოფლის მეურნებასთან და მასთან დაკავშირებული დარგების განვითარებისთვის აუცილებელია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.