დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კადისის უნივერსიტეტის (ესპანეთი) დელეგაცია ეწვევა.
დელეგაციას კადისის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დიეგო სალეს მარკესი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრებს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა უმასპინძლებს.
ვიზიტის მიზანია თსუ-სა და კადისის უნივერსიტეტს შორის 2009 წლის სექტემბერში დადებული ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობის ამოქმედება. ხელშეკრულება ერთობლივი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელებას გულისხმობს.
თანამშრომლობის მიხედვით, კადისის უნივერსიტეტის დახმარებით ახალი საგანმანათლებლო ტექნოლოგიები დაინერგება. ორი უმაღლესი სასწავლებელი თავის სტუდენტებს ერთობლივ კურსებს, სემინარებსა და კონფერენციებს შესთავაზებს.
ოფიციალური ვიზიტი 20 ნოემბრამდე გასტანს. დელეგაციის წევრები შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის, კულტურის სამინისტროსა და ხელოვნების მუზეუმის წარმომადგენლებთან გამართავენ. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ დელეგაციის წევრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს მოინახულებენ და ქართულ კულტურას გაეცნობიან.