2021 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს ახალი ევროპული კოალიცია, სადაც "ქართული ოცნება" იქნება ოპოზიციაში, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა ოთარ კახიძემ.
მისი თქმით, ბიუჯეტი, რომელიც დღეს უნდა განიხილონ, უბრალოდ, ფორმალობაა.
"ეს არ არის 2021 წლის ბიუჯეტი, ეს არის არჩევნებამდე შემოგდებული ფურცელი. 2016 წელს ამომრჩეველს წარუდგინეს ცრუ ბიუჯეტი, სადაც დაუმალეს, რომ აპირებდნენ საწვავის გაძვირებას და აქციზის გადასახადის გაზრდას. შემდგომ, არჩევნებში მოგება რომ გაინაღდეს, შემოიტანეს მეორე ბიუჯეტი, სადაც გაწერეს გადასახადები. ამიტომ, ამ ბიუჯეტს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს ახალი ევროპული კოალიცია, სადაც "ქართული ოცნება" იქნება ოპოზიციაში,"-განაცხადა ოთარ კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიას განიხილავენ. მას მხარს არ უჭერს ოპოზიცია, რადგან მათი შეფასებით ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი არ არის მორგებული მოქალაქეების პრობლემებზე.
პროექტს, ოპოზიციისგან განსხვავებით, პოზიტიური შეფასება აქვს უმრავლესობის მხრიდან. დოკუმენტის ხარჯვითი ნაწილი 17 მილიარდ ლარს შეადგენს.