აქ არსებული ციხის კედლები უამრავ საგმირო საქმეს, ვაჟკაცობის, სიყვარულისა და საკუთარი სამშობლოსთვის თავგანწირვის ძალიან ბევრ ისტორიას ინახავს, - განაცხადა ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ახალციხეში, ადიგენის, ახალციხის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი განმარტებით, ახალციხე განსხვავებული ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთ-ერთი უნიკალური მაგალითია, რის განმაპირობებელიც საკუთარი სამშობლოს სიყვარული და მასზე ზრუნვაა. დღესაც გვხვდება ამ ქალაქში ისტორიული მეჩეთი, სინაგოგა, თუ ეკლესია, რომელიც ამ ქალაქს ალამაზებს და განსაკუთრებულ ხიბლს, ისტორიულ და კულტურულ დანიშნულებას სძენს.
"რა თქმა უნდა, უდიდეს ისტორიულ ღირებულებასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადგილები უნიკალური მინერალური და სამკურნალო წყლებით არის ცნობილი, რომელიც გამორჩეულ ბალნეოლოგიურ კურორტს ქმნის, რომლის არ გამოყენებაც კატეგორიულად მიუღებელია. ამ მიმართულებით 2012 წლის შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა, ვითარება მკვეთრად გაუმჯობესდა. განვლილი 8 წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში განხორციელდა უამრავი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური თუ სოციალური პროექტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ზრდაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.
ახალციხეში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებისთვის უამრავი პროგრამა მოქმედებს, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის უნიკალური თანამშრომლობის მაგალითს, განვითარებულ ბიზნესსა და წარმოებას, ახალ სამუშაო ადგილებსა და მუნიციპალიტეტში დამატებით შემოსავლებს ქმნის.
რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ წინ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, ბევრი პრობლემაა, გამოწვევები, რომელსაც სჭირდება 24-საათიანი მუშაობა. ამ ყველაფერს მხოლოდ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ვერ გააკეთებს. აქაც მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა", - განაცხადა კალაძემ.