ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე დავით გარეჯის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს უწოდებს და ამბობს, რომ მათ არჩადენილ დანაშაულში დასდეს ბრალი.
"ის, რა ამბავიც ატყდა ხელისუფლების მხრიდან, თითქოს რაღაც გაიყიდა, თითქოს რაღაც გადაეცა აზერბაიჯანს, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ორი ადამიანი დააპატიმრეს 37 წლის საუკეთესო ტრადიციებით და არჩადენილ დანაშაულში დადეს ბრალი. ეს არის სამარცხვინო. ადრე თუ გვიან, ქვეყნის ინტერესების, ადამიანის გრძნობებით და ადამიანის ბედით თამაშზე, ხელისუფლებას პასუხის გაცემა მოუწევს", - აცხადებს ბურჯანაძე.
მისივე განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია რუკების მოძიებაში მაღალჩინოსნების ჩართულობა, როდესაც ეს უდანაშაულო ადამიანების დასჯისთვის ხდება:
"ნებისმიერი დამატებითი რუკის მოძიება, რომელმაც შეიძლება საქართველოს პოზიციები გაამყაროს მხოლოდ პოზიტიურია და ამას მივესალმები. თუ ეს, საქმის პოლიტიკური აქტივობისთვის და უდანაშაულო ადამიანების დასჯისათვის ხდება - კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.