უსამართლო არჩევნებს არც საზოგადოება და არც პოლიტიკური ძალები არ დავუშვებთ, - განაცხადა „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ბიძინა ივანიშვილის წერილის საპასუხოდ.
მისი თქმით, მმართველი პარტიის რეიტინგი იმაზე ბევრად დაბალია, ვიდრე „ქართული ოცნების“ ლიდერთა მოლოდინია.
"ჩანს, რომ ხელისუფლება აბსოლიტურად მოწყვეტილია რეალობას. გუშინ და გუშინწინ დასავლეთ საქართველოში ვიყავი და ბევრ ადამიანს შევხვდი, 64% კი არა, 34% თუ აიღო ხელისუფლებამ ბედნიერი და მადლობელნი იყვნენ, რა თქმა უნდა, ლაპარაკია არჩევნების სამართლებრივად ჩატარების შემთხვევაში. უსამართლო არჩევნებს არც საზოგადოება და არც პოლიტიკური ძალები არ დავუშვებთ. თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, ცესკოს დააწეროს ის ციფრები, რაზეც საუბრობს, ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ქვეყნისთვის", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
8 ოქტომბერს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია: "ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოების უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე, ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს“.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.