აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ერევანმა უნდა წარმოადგინოს მთიანი ყარაბაღიდან ჯარების გაყვანის გრაფიკი, რომელიც დამტკიცებული იქნება ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ.
"ჩვენი კონტრიერიში წარმატებული იყო, გავათავისუფლეთ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი. ჩვენი მთავარი მიზანია აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
სომხეთმა უნდა წარმოგვიდგინოს თავისი ჯარების გაყვანის გრაფიკი ოკუპირებული ტერიტორიიდან, რომელიც დამტკიცებული იქნება მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ. მიმაჩნია, რომ ამის შემდეგ დაიწყება მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ", - განაცხადა ალიევმა ტელეკომპანია Euronews-თან ინტერვიუში.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო, რაშიც სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვრცელდება ინფორმაციები დიდი რაოდენობით მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა.