თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მომხდარი ფაქტით გამაოგნებელია.
"გაოგნებული ვარ იმის გამო, რომ რუკა, რომლითაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მიხედვით, ჩვენ უნდა გვეხელმძღვანელა და სამართლიანად მოგვეხდინა საზღვრის დემარკაცია ორ ქვეყანას შორის, რომელზეც გვიმტკიცებდნენ, რომ დაკარგულია და არ არსებობდა და ამის გამო ჩვენი პოზიციები იყო წამგებიანი, აღმოჩნდა, რომ ეს რუკა არსებობს, არსებობს ორიგინალური ვერსია. რუკა ინახებოდა თუ გადამალული იყო, ეს ალბათ გამოძიებამ უნდა დაადგინოს. საერთო ჯამში მხარეები ხელმძღვანელობდნენ იმ რუკებით, რომლის ფარგლებშიც ზიანდებოდა ჩვენი სახელმწიფო და რომლის ფარგლებშიც ჩვენი სახელმწიფო უარს აცხადებდა 3500 ჰექტარ მიწაზე, მათ შორის იმ ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სიწმინდეებს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვინ დგას ამ მძიმე ფაქტის უკან, ქმედებით მოხდა თუ უმოქმედობით და ვინმეს დავალებით ამ რუკის შენახვა და გადამალვა", -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ ეს საკითხი, არანაირად არ უკავშირდება არჩევნებს, რამდენადაც აქ საუბარია სახელმწიფო ინტერესებზე, რომელიც პირველ ადგილზე დგას ყოველთვის და ყოველ დღე.