„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ხუთლარიანი სადაზღვევო პოლისის პროგრამას დადებითად აფასებს. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ქაროსანიძემ განაცხადა, „დაზღვევის ე.წ. 5-ლარიანი სქემა შეიძლება სულაც არ იყო „ახალი და შესანიშნავი სოციალური ინიციატივა", მაგრამ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო".
„ცვლილება აუცილებელი იყო. სათანადო კორექტირების შემთხვევაში ამ სქემამ, შესაძლოა, საქართველოს მოსახლეობის წინაშე მდგომი ჯანდაცვის პრობლემების მოგვარებას ხელი რეალურად შეუწყოს. ის გარკვეულწილად არეგულირებს ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არსებული კორუფცია, პაციენტთათვის არჩევანის შეზღუდულობა, კონკურენციის არარსებობა, მედიკამენტებზე მაღალი ფასები და სხვა. პროგრამა ეფუძნება მექანიზმს, რომლითაც გაწეული მომსახურების დაფინანსება მიღებული შედეგების შესაბამისად ხდება. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალი სქემა, მოქალაქეთა დაზღვევით დაინტერესებით, ქმნის იმის პოტენციას, რომ ჯანდაცვის სექტორის დაფინანსება გაიზარდოს. თუმცა, იმის გამო, რომ შეთავაზებული პაკეტი ძალიან შეზღუდულია (ის ფაქტობრივად მხოლოდ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ფარავს) მისით დაინტერესება საკმაოდ დაბალია. დაინტერესების დაბალი დონე სქემის ეფექტიან მუშაობას საფრთხეს უქმნის, იმისთვის, რომ დაზღვევის სისტემამ იმუშაოს", - აღნიშნავს ქაროსანიძე.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ მასში ადამიანების დიდი რაოდენობა ჩაერთოს. „ეს რისკის შემცირებას და შესაბამისად, დაზღვევის პროდუქტიულობის გაზრდას უწყობს ხელს. თუ ახალი სადაზღვევო სქემით შეთავაზებული სამედიცინო მომსახურების არეალი გაიზრდება და მისი რეგულირების მექანიზმები, როგორც სადაზღვევო კომპანიებში, ასევე, ხელისუფლების დონეზე, დაიხვეწება, დაზღვევით უფრო მეტი მოქალაქე დაინტერესდება და შეღავათიანი დაზღვევა საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებზე დადებითად იმოქმედებს", - განაცხადეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში".