საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეთანხმება პრემიერის განცხადებას, რომ რესურსი არ არის ამოუწურავი. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, გეგმიური ნაბიჯების შესასრულებლად საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია.
"რესურსი არასოდეს არის ამოუწურავი, რესურსი არის ყოველთვის თვლადი და გაზომვადი და სწორედ ამიტომ არის ჩვენი თხოვნა, იყოს საზოგადოების ერთობლივი ჩართულობა იმისთვის, რომ ის გეგმიური ნაბიჯები, წინდახედული და გათვლილი ზომები, რაც მივიღეთ, იყოს რაციონალურად გადანაწილებული დროში.
ადამიანური რესურსი, დღესდღეობით, არის ყველაზე კრიტიკული რესურსი, რადგან ადამიანებს, რომლებიც, განსაკუთრებით, მუშაობენ კრიტიკულ მედიცინაში, აქვთ 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი, ესაჭიროებათ დასვენებისა და საშეღავათო პერიოდები იმისთვის, რომ კვლავ დაუბრუნდნენ სამუშაო ციკლს და გაუწიონ პაციენტებს კვალიფიციური დახმარება”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.