რუსეთმა შესაძლოა ხორბლის ექსპორტის კვოტირება მოახდინოს, რაც ბაზარზე ფასების ცვლილების წინაპირობა გახდება. რუსეთისთვის ეს ახალი გადაწყვეტილება არ იქნება, რადგანაც ქვეყანას ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილება უკვე აქვს.
2020/2021 წლის რუსეთის მარცვლეულის მოსავალი 133 მლნ ტონას შეადგენს, საიდანაც ხორბლის წილი 82 მლნ ტონაა. ანალიტიკოსების გათვლებით, რუსეთი მთლიანობაში 50 მლნ ტონა მარცვლეულის ექსპორტს განახორციელებს, სადაც ხორბალი 38 მლნ ტონის დონეზე იქნება.
თუმცა, როგორც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე განმარტავს, დაეთანხმება თუ არა რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 38 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტს ამ დროისთვის უცნობია. ლევან სილაგაძე არ გამორიცხავს, რომ სამინისტრომ ხორბლის ექსპორტის მაჩვენებლების შემცირების გადაწყვეტილება მიიღოს. მისი აზრით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გამორიცხული არ არის, რომ რუსეთმა ოქტომბერში ხორბლის ექსპორტის კვოტირებაც მოახდინოს.
ცნობისათვის, 2020/21 მარკეტინგული წლის 3 თვეში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) რუსეთმა 12,6 მლნ ტონა ექსპორტი (საბაჟო კავშირის აგვისტო და სექტემბრის ექსპორტის გარდა) უკვე განახორციელა. ოქტომბრის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 5 მლნ ტონაა. ამ გათვლებით კი 1-ლი ნოემბრისთვის ექსპორტირებული იქნება დაახლოებით 18 მლნ ტონა ხორბალი და ეს იქნება სეზონის საპროგნოზო (4 თვე) მაჩვენებლის (38 მლნ ტონა) თითქმის ნახევარი. არსებული გათვლებით კი რუსეთს 20 ტონა საექსპორტო ხორბალი რჩება, რომელიც 8 თვეზე უნდა გადაანაწილოს. ანუ თვეში 2.5 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ნოემბერი და დეკემბერი ხორბლის ბაზარზე ტრადიციულად საკმაოდ აქტიური თვეებია, გასული წლების და არსებული გათვლების ფონზე, 1-ლი იანვრისთვის რუსეთს 26 მლნ ტონა ხორბალი უკვე ექსპორტირებული ექნება. ამ გარემოებიდან გამომდინარე კი ქვეყანას 13 მლნ ტონის ხორბლის ექსპორტის პოტენციალი რჩება, რომელიც 6 თვეზე უნდა გადაანაწილოს.
აგრეთვე არსებობს გარკვეული რისკ ფაქტორებიც, კერძოდ რა რაოდენობის საგაზაფხულო ხორბლის დათესვას მოახერხებს რუსეთი. ქვეყანაში დღეისათვის არის მშრალი ნიადაგი განსაკუთრებით სამხრეთ რეგიონებში რაც ხელს უშლის საგაზაფხულო ხვნა თესვის გეგმას.
რაც შეეხება მსოფლიო ბაზარს, აქ პროგნოზები მეტნაკლებად ნეგატიურია.