აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა Al Jazeera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაქო ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება, თუ სომხეთის ძალები არააღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიას დატოვებენ.
"პირობები ასეთია - მათ ტერიტორია უნდა დატოვონ. დაიწყონ ჯარების გაყვანა და წარმოგვიდგინონ გაყვანის გრაფიკი, აიღონ შუამავლების წინაშე დამაჯერებელი და სერიოზული ვალდებულებები", - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ილჰამ ალიევმა დასძინა, რომ ბაქო "30 წელს კიდევ ვერ მოიცდის" და კონფლიქტის დარეგულირებას უაზხოესი ხნის განმავლობაში აპირებს.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების ძლიერი დაბომბვის შედეგად დაიღუპა 19 მშვიდობიანი მოქალაქე, 60-ზე მეტი დაიჭრა, ასობით სახლი კი დაინგრა.
შეხების ხაზზე, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით ინტენსიური ბრძოლების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც.
"ფრონტზე სიტუაცია დაძაბულია. ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგის საბრძოლო მოქმედებები ჩახშობილია ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით, მოწინააღმდეგე მხარისთვის მიყენებულია უდიდესი ზიანი. სასტიკი ბრძოლები მთელ ფრონტზე გრძელდება", - აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. მხარეები სამხედრო მოქმედებების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.