საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფგზე სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა.
სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა, რომ თბილისი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩართული მხარეების მოლაპარაკების ადგილი იყოს.
„მინდა, მთელი ქართული საზოგადოების სახელით ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმ მსხვერპლის გამო, რომელიც მოჰყვა ამ კონფლიქტს ჩვენს მეგობარ მეზობელ ქვეყნებს შორის. მინდა, მივმართო ამ ჩვენი ორი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტებს, ხელისუფლებას – რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს მათ შორის დიალოგი, მინდა, მოვუწოდო დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ. ეს არის ჩვენი, სამივე ქვეყნის მთავარი საერთო ინტერესი, რათა ამ რეგიონს დავუბრუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა და მისი უზარმაზარი, ეკონომიკური როლი საერთოდ მსოფლიოსთვის. ეს არის ჩვენი ერთობლივი მონაპოვარი და ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთობლივად უნდა გავუფრთხილდეთ. მინდა, ასევე მივმართო მინსკის ჯგუფს და მის თანათავმჯდომარეებს, რომელსაც ამ კონფლიქტის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, რომ ჩვენ მზად ვართ, თბილისი იყოს ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება, ნებისმიერი მოლაპარაკების გამართვა. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, რაც მხარეებისთვის იქნება სასურველი“, - თქვა პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.