სომხეთი მზად არის ეუთოს მინსკის ჯგუფთან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მოლაპარაკებები გამართოს. ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"სომხეთი კვლავ მხარს უჭერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების საკითხს. ჩვენ გავაგრძელებთ არცახის წინააღმდეგ აგრესიასთან მტკიცე ბრძოლას, ამავდროულად მზად ვართ ვიმუშაოთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც 1994-1995 წელს დადგინდა", - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის აგრესიული ქმედებები და უცხოელი ტერორისტების ჩართვა რეგიონალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
შეგახსენებთ, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების - საფრანგეთის, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, ყარაბაღთან დაკავშირებით.
მაკრონმა, პუტინმა და ტრამპმა კონფლიქტის მხარეებს მოუწოდეს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და დაიწყონ მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.
აზერბაიჯანის მხარე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
ფოტო: TACC