აზერბაიჯანი საბრძოლო მოქმედებებს ყარაბაღში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეაჩერებს, თუ სომხური ძალები სრულად და უპირობოდ გავლენ რეგიონიდან. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა ბაქოს სამხედრო ჰოსპიტალში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას განაცხადა.
"სომხეთის პრემიერ მინისტრმა შვიდი პირობა წამოაყენა, რომელიც ჩვენ უარვყავით. ჩვენ გვაქვს ერთი პირობა: მათ უპირობოდ, სრულად და დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ჩვენი მიწები. ეს პირობა ძალაშია და თუ სომხეთის მთავრობა შეასრულებს მას, ბრძოლა შეჩერდება, სისხლი არ დაიღვრება და მშვიდობა დაისადგურებს ჩვენს რეგიონში", - თქვა ალიევმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანი აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას რადგან "ჩვენ ამის უფლება გვაქვს".
ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანს სურს მშვიდობა და სწორედ ამიტომ იყვნენ მოლაპარაკებების ერთგულები 30 წლის განმავლობაში.
"თუმცა ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას", - დასძინა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, შეხების ხაზზე სამხედრო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო. სომხეთი და აზერბაიჯანი საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
27 სექტემბერს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხდა, რომ სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს დასახლებულ პუნტქებს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. სომხეთი კი თავის მხრივ იუწყებოდა, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში საჰაერო და სარაკეტო იერიშები მიიტანა.
ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.