იურისტები რომ არ მყოფნიდა, დავით მათიკაშვილი მისივე ბანკის, სადაც მუშაობდა, დასაცავად არ გამოვიდა, - განაცხადა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.
სხდომაზე ბესელია და მათიკაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
"ბატონი მათიკაშვილი არ ვიცი, რომელ სასამართლოში მეძებდა, მაგრამ "ბუნკერიდან" ნამდვილად ვერ დამინახავდა. ბანკი "ქართუს" საქმეზე რომ იურისტებს ვეძებდით 2011 წელს, მაშინ ნამდვილად "ბუნკერიდან" იჭყიტებოდი, ბატონო დავით, როგორც ახლა იჭყიტები მაგ ნიღბიდან", - ასე მიმართა ეკა ბესელიამ უმრავლესობის წევრს, დავით მათიკაშვილს და ის პერიოდი გაიხსენა, როცა 8 წლის წინათ ის "ქართუ ბანკის" უფლებებს იცავდა სასამართლოში.
"ის პერიოდი რომ გაიხსენეთ, რაც ახლა, 8 წლის შემდეგ გეამაყებათ, ჰუმანური აქტი რომ მივიღეთ და მართლა გავათავისუფლეთ ბევრი ადამიანი, იმ ამბავთან თქვენ არც ემოციური, არც პოლიტიკური, არც ადამიანური ბმა არ გაქვთ. 2016 წელს შემოვიდა ადამიანი გუნდში. 2011 წელს რომ "ქართულ ოცნებაში" იურიდიული ჯგუფი მქონდა შექმნილი და ბანკი "ქართუს" საქმეებს ვიცავდი, დავით მათიკაშვილი საერთოდ არ არსებობდა არენაზე. ნუ გამახსენებინებთ რაღაცეებს. იურისტები რომ არ მყოფნიდა, დავით მათიკაშვილი მისივე ბანკის, სადაც მუშაობდა, დასაცავად არ გამოვიდა. რით იყო დაკავებული, ნუ გამახსენებინებთ! იმ მთავარ იდეასთან რომ არ გაქვთ არანაირი ბმა, ვინც ახლა "ქართულ ოცნებაში" ხართ, იმიტომ არის ეს წყალგამყოფი გავლებული, სამწუხაროდ!", - განაცხადა ეკა ბესელიამ.