"თავისუფალი აზრის სახლის" საზოგადოებრივი საბჭოს წევრის სულხან მოლაშვილის მტკიცებით, პენიტენციალურ სისტემაში ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა.
ამის შესახებ მოლაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ 10 წელზე მეტია, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კონვენციას ხელი მოაწერა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის უფლებები მაინც უხეშად ირღვევა და ხშირად ადგილი აქვს პატიმრების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს.
ამასთან, მოლაშვილი პენიტენციალური სისტემა მოიაზრებს არა როგორც იურიდიული სისტემის ერთეულს, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორების, რეპრესირების ინსტრუმენტს, რომელიც ადამიანების დაშინების ფუნქციას ასრულებს.
"მოუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემუშავდეს ერთობლივი დეკლარაცია პატიმართა მდგომარეობაზე და ხელისუფლებას წარედგინოს, ხოლო მსჯავრდებულმა პირებმა სტრასბურგის სასამართლო თავისი ინტერესების დასაცავად გამოიყენონ. ასევე, მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატებს, რომ სტრასბურგში გასაჩივრებულ საქმეებში ერთი უცხოელი ადვოკატი მაინც იყოს ჩართული, რათა მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება თითოეულ საქმესთან დაკავშირებით", - აღნიშნა მოლაშვილმა.