მოვუწოდებთ საქართველოს, მკაფიოდ განსაზღვროს პასუხისმგებლობები კიბერუსაფრთხოების სფეროში, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კიბერუსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობის შემდეგ.
დეგნანი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაყოვნების გარეშე მიიღოს და დაამტკიცოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების სამოქმედო გეგმა, რათა აღმოიფხვრას დაუცველობა და გაიზარდოს რეზისტენტულობა კიბერთავდასხმების მიმართ.
"ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, ელჩები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებიან ამ ღონისძიებას, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობას. აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და ინფორმაციის უსაფრთხოების დაცულობას გულისხმობს.
ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი საარჩევნო წელია, შესაბამისად, ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვა განსაკუთრებით საჭიროა, რათა ქართველმა ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა იმ განცდით მიიღონ, რომ მათ შესახებ ინფორმაცია დაცული იქნება.
აშშ მოუწოდებს საქართველოს, დაყოვნების გარეშე მიიღოს და დაამტკიცოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს, მკაფიოდ განსაზღვროს პასუხისმგებლობები კიბერუსაფრთხოების სფეროში. ეს დაეხმარება საქართველოს მზადყოფნაში, შეამციროს დაუცველობა და განახორციელოს ეფექტური ქმედებები, შემდგომი თავდასხმებისას, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ შემდგომი თავდასხმებიც იქნება", - აცხადებს დეგნანი.