"ქრისტიან-დემოკრატები" პრეზიდენტს ბიუჯეტის პროექტის უკან გაწვევას სთხოვენ. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტი იმდენად უვარგისია, რომ განხილვასაც არ იმსახურებს.
მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტში არსებობს ''ე.წ. თეთრი ხვრელები. მაგალითად გიორგი თარგამაძემ პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები დაასახელა, სადაც, მისი თქმით, გამოყოფილია ასეულობით მილიონი ლარი, მაგრამ რაში დაიხარჯება არავინ იცის.
"ქრისტიან-დემოკრატები" ითხოვენ, რომ პრეზიდენტმა ბიუჯეტის პროექტი დაუყონებლივ უკან გაიწვიოს და მთავრობამ გადამუშავებული ვარიანტი წარუდგინოს პარალმენტს.
"თუკი ჩვენი მოთხოვნა არ იქნა გათვალისწინებული და ქვეყანა არ მიიღებს ნორმალურ ბიუჯეტს, გაზაფხულიდან მოსალოდნელია ისეთი კოლაფსი, რაც ქვეყანას ჭაობში ჩაუშვებს და თავის დაღწევა ძნელი იქნება", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში განსახილველად 1 ოქტომბერს შევიდა. გუშინ გაიმართა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა. ბიუჯეტი მთავრობას შენიშვნებით უნდა გადაეცეს და პარლამენტს შესწორებული ვარიანტი დაუბრუნდეს.
ბიუჯეტის საბოლოო მიღების ბოლო ვადაა დეკემბრის ბოლო რიცხვები.