"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისთვის სააკაშვილის განცხადებები მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მიხეილ სააკაშვილი არასდროს ყოფილა გუნდური მოთამაშე და საკუთარი გუნდის წევრებისთვისაც კი, ხშირად სიურპრიზებს უწყობდა.
როგორც ნინო ბურჯანაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი ვერ აცნობიერებს იმას, რომ მას არა მარტო ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, არამედ გაცილებით მეტი მოწინააღმდეგე.
"მოულოდნელობა არ ყოფილა იმიტომ, რომ ვიცი, რომ სააკაშვილი არ არის გუნდური მოთამაშე და ის ძალიან ხშირად სიურპრიზებს უწყობს ხოლმე საკუთარი გუნდის წევრებსაც კი და მე ეს ჩემს თავზე არა ერთხელ გამომიცდია, როდესაც სრულიად სხვა რამეზე შევთანხმდებოდით და მეორე დღეს სიურპრიზები იყო ხოლმე.
მე არ მინდა, რომ მთელი დღე სააკაშვილზე საუბარს მივუძღვნათ და დავტოვოთ ისეთი შთაბეჭდილება საქართველოს მოსახლეობაში, რომ განსხვავებები იმდენად მნიშვნელოვანია და იმდენად პრინციპული, თუმცა არის ნამდვილად, რომ ჩვენ ვეღარ შევძლებთ კოორდინირებას ერთიანი ოპოზიციური მოქმედებებისა არჩევნებისა და საარჩევნო ხმების დასაცავად.
ერთი მხრივ, მე მესმის, ის ამ შემთხვევაში ცდილობს თავისი მომხრეების მობილიზაციას, მაგრამ სამწუხარო არის ის, რომ ალბათ იმიტომ, რომ ის პრინციპში დიდი ხანია წასულია ქვეყნიდან და გარკვეულწილად მოწყვეტილია რეალობას, ის ვერ აცნობიერებს იმას, რომ არა მარტო ბევრი მხარდამჭერი ჰყავს სააკაშვილს და მის გუნდს, არამედ გაცილებით მეტი მოწინააღმდეგე მისი ხელისუფლებაში მობრუნებას," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.