კარიბის ზღვის აუზში მდებარე სახელმწიფო ბარბადოსი გაერთიანებული სამეფოს დედოფლის დაქვემდებარებაში ყოფნაზე უარს ამბობს და სურს რესპუბლიკა გახდეს.
კუნძულმა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1966 წელს მოიპოვა, თუმცა ის გაერთიანებული სამეფოს თანამეგობრობის წევრია და სახელმწიფოს მეთაურად დღემდე ელისაბედ მეორე რჩება.
სახელმწიფოს რესპუბლიკად გადაქცევის განზრახვის შესახებ ბარბადოსის გენერალ-გუბერნატორმა სანდრა მეისონმა განაცხადა. რესპუბლიკად გამოცხადება ქვეყნის დამოუკიდებლობის 55 წლისთავის აღნიშვნამდე უნდა მოხდეს, რომელიც 2021 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.
"დადგა დრო სამუდამოდ უარი ვთქვათ ჩვენს კოლონიალურ წარსულზე, ბარბადოსელებს სურთ, რომ სახელმწიფოს მეთაური ბარბადოსელი იყოს".
ბარბადოსის კოლონიზაცია ინგლისმა მე-17 საუკუნეში მოახდინა. მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი აფრიკადან ჩაყვანილი მონების შთამომავლები არიან. მკვიდრი ინდიელი მოსახლეობა კუნძულზე აღარ დარჩა.