კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მთელს მსოფლიოში 7%-დან 3.2%-მდე ჩამოვიდა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "ღამის კურიერის" ეთერში.
მისი თქმით, კორონავირუსის სამართავად ფართომასშტაბიანი ჩაკეტვა საჭირო აღარ იქნება, თუმცა როგორც მან აღნიშნა, ამის მიუხედავად, იქნება "წერტილოვანი დარტყმები" და მცირე ჩაკეტვები ვირუსის ფართოდ გავრცელების ასარიდებლად.
"ძალიან მკაცრი ჩაკეტვები იყო, ძირითადად, გაზაფხულზე, როცა ჩვენ არ ვიცოდით რა იყო ეს ინფექცია. ინფექცია მაშინ უფრო აგრესიული იყო. სიკვდილიანობის პროცენტი, გლობალური მონაცემებით, გაზაფხულზე იყო 7%, მთელ რიგ ქვეყნებში 10-15-19%-იც კი, რადგან ვირუსის ქცევის შესახებ ნაკლები ინფორმაცია იყო იმ დროს. ერთადერთი იარაღი, იმ დროს, მკაცრი რეგულაციები, ჩაკეტვა იყო. დღეს უკვე 8 თვეა გასული. ზაფხულში ვირუსის აგრესიულობა შემცირდა. სიკვდილიანობის პროცენტი გლობალურად ჩამოსულია 3.2 %-ზე, 7-დან. ამასთან, თვითონ შეფარდება მსუბუქი შემთხვევებისა საერთო შემთხვევებში სერიოზულად გაიზარდა.
გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. კრიტიკული პაციენტების რიცხვი დღეს მთელს მსოფლიოში მხოლოდ 1%-ია, საქართველოში კი დღეს კრიტიკული მხოლოდ 3 ადამიანია, ვინც ხელოვნურ ვენტილაციასა და აპარატზეა. ასევე, ე.წ. მძიმე ავადმყოფების რიცხვი არ არის დიდი. 80-85% არის, ძირითადად, მსუბუქად და უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადებები", - თქვა გამყრელიძემ.