მხარდაჭერა "ქართული ოცნებისადმი" არის 60%-ის ფარგლებში. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი საზოგადოების დამოკიდებულებას "ქართული ოცნების" გუნდისადმი ნათლად გრძნობს.
"შემთხვევით არ გვითქვამს ის ობიექტური მონაცემები, რასაც ვამბობთ, რომ მხარდაჭერა "ქართული ოცნების" გუნდისადმი ეს არის 60%-ის ფარგლებში ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ეს არა ერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია განწყობები, დამოკიდებულება და ჩვენ ამას კიდევ ერთხელ. ყოველგვარ კვლევას რომ თავი დავანებოთ, ეს არის დამოკიდებულება საზოგადოების, თუ რამდენად დაცულად გრძნობს თავს ჩვენი საზოგადოება "ქართული ოცნების" მმართველობის დროს. მაშინ, როდესაც ჩვენი საზოგადოება თავს გრძნობს დაცულად, მაშინ, როდესაც ქვეყანა მაქსიმალურად იმართება იმ მიმართულებით, რომ არ დავუშვათ არანაირი ომი და ჩვენთვის სტაბილური განვითარება და მშვიდობიანი განვითარება არის პრიორიტეტი, ამას ჩვენი საზოგადოება კარგად აფასებს.
შესაბამისად, რაც არ უნდა კვლევა ჩატარდეს, რა თქმა უნდა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი ხალხი და ჩვენ გვაქვს რწმენა და ჩვენ ამას ყოველდღიურობაში ვხედავთ, თუ როგორი დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს ჩვენი საზოგადოების მხრიდან. რა თქმა უნდა, ის გამოწვევები და საკითხები, რომლებიც საჭიროებენ გადაჭრას, ჩვენ ამას თვალს ვუსწორებთ და არავის ეგონოს, რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილები და ყველაფერი არის იდეალურად. არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც საჭიროებს გამოსწორებას," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.