"უახლოეს მომავალი აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის მშენებლობის აქტიური ფაზა დაიწყება", _ ეს განცხადება აფხაზეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა, გენერალმა იური ზვირიკმა სოხუმში რუსი ჟურნალისტებისთვის მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა. აღნიშნულ პრესკონფერენციას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო სამმართველოს უფროსი გენერალ-მაიორი მიხაილ სტრეხიც ესწრებოდა.
"უკვე მუშაობს ერთობლივი კომისია, რომელშიც აფხაზეთის მთავრობისა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს წარმომადგენლები შედიან. უახლოეს მომავალში კი მშენებლობის აქტიური ფაზა დაიწყება", _ აცხადებს ზვირიკი და დასძენს, რომ ძირითადი საინჟინრო ნაგებობების ზღვარი საზღვრის სახმელეთო ნაწილზე იქნება.
რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" წარმომადგენელი აცხადებს, რომ ე. წ. სახელმწიფო საზღვარზე განხორციელებული კონტროლის წყალობით, კონტრაბანდის ნაკადმა იკლო. ზვირიკის თქმით, 2010 წელს დაკავებულია 1 200 კაცი, ნაპოვნია 29 იარაღის სამალავი.