ჩვენ შევცვალეთ მთელი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი - სისტემის, ხელისუფლების დამოკიდებულება ადამიანისადმი, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციაზე.
მისი თქმით, 8 წლის მანძილზე შეიცვალა კონტექსტიც, შეიცვალა გარემოც და რაც მთავარია, უკეთესობისკენ შეიცვალა ჩვენი ქვეყანა.
„დღეს ჩვენ აღარ გვიწევს ადამიანის ელემენტარული უფლებებისთვის, წამებისა და ჩაგვრის დასრულებისთვის ბრძოლა. დღეს ჩვენ უკვე სრულიად სხვა მიზნების მიღწევისთვის ვმუშაობთ, კი არ ვიბრძვით, არამედ ვშრომობთ.
დღეს, ჩვენ ვმსჯელობთ, ვსაუბრობთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ვადებზე, ქვეყნის უფრო სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლებაზე, ვსაუბრობთ წარმატებით განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმის კიდევ უფრო დახვეწაზე, ვკამათობთ და ვრიგდებით სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარების ვადებზე, მართლმსაჯულების სისტემის მაქსიმალურად დახვეწაზე, გამოხატვის თავისუფლების უმაღლესი სტანდარტის პირობების შენარჩუნებაზე, მოქალაქეების ცილისწამებისა და შეურაცხყოფისგან დაცვის დემოკრატიულ ინსტრუმენტებზე, მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებაზე და არა არჩევნების გაყალბებაზე, ვსაუბრობთ ეკოლოგიაზე, ქალაქგეგმარებასა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე, ვსაუბრობთ არა იმაზე, თუ როგორ დავიცვათ მოქალაქეებმა თავი სახელმწიფოსგან, არამედ იმაზე, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო უკეთ იზრუნოს სახელმწიფომ საკუთარ მოქალაქეებზე.
ეს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ყოველდღიურობის და დემოკრატიის რუტინაა, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს ყველაფერი მართლაც შეუძლებელი, საოცნებო და მიუღწეველი მიზანი იყო.
არავინ იცის, რამდენი ხანი გასტანდა რეჟიმი, რომ არა ის გარდატეხა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც 2012 წელს მოხდა და ეს ყველაფერი, ამ ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის გუნდის „ქართული ოცნების“ დამსახურება და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის დამსახურებაა. ეს 2012 წლის გამარჯვების მონაპოვარია!“, - თქვა კალაძემ.