ბორჯღალოსნები "შემოდგომის ერთა თასი 2020"-ზე (6 ერი, ფიჯი და საქართველო) იასპარეზებენ. იუწყება საქართველოს რაგბის კავშირი.
"სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორიცაა ინგლისი, ირლანდია, უელსი და სხვ.
მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო, რომელმაც უამრავი პრობლემა შეუქმნა მთელ მსოფლიოს, მათ შორის სპორტს და, კერძოდ, რაგბის, გაუქმებულია თითქმის ყველა საერთაშორისო ტურნირი და ტესტ-მატჩი, ქვეყნების უმრავლესობაში შიდა ჩემპიონატებიც კი ვერ დაუწყიათ, ამ დონის ტურნირზე მიწვევა ქართული რაგბისთვის უდაოდ დიდი აღიარებაა. დღეს ასრულდა ქართული სარაგბო თემის მრავალი თაობის და გულშემატკივრების ოცნება, დაფასდა ყველა თაობის მოთამაშეების, მწვრთნელების და სპეციალისტების თავდაუზოგავი შრომა და თავდადება.
ამ ტურნირში მონაწილეობის შანსი საქართველოს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც იაპონიამ კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო უარი თქვა ევროპაში ჩამოსვლაზე. გაჩენილ ვაკანსიაზე „6 ერის“ მესვეურებს საკმაო არჩევანი ჰქონდათ. გავიხსენოთ თუნდაც ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციები. საბედნიეროდ, საბოლოო არჩევანი საქართველოზე გაკეთდა, რისთვისაც „6 ერს“ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. მადლობა ეკუთვნის „მსოფლიო რაგბისაც“ საქართველოს მხარდაჭერისთვის. სიტყვამ მოიტანა და გვინდა ავღნიშნოთ, რომ „მსოფლიო რაგბის“ არაერთ ფორუმზე გაჟღერებულა, რომ საქართველოს რაგბის კავშირის, მთავრობის, კერძო სექტორის და „მსოფლიო რაგბის“ თანამშრომლობა შეიძლება განვიხილოთ როგორც ცალკე აღებულ ქვეყანაში რაგბის წარმატებული განვითარების ერთერთი საუკეთესო მაგალითი. ამ ჯერზეც ასე მოხდა.
საქართველოს რაგბის კავშირი „6 ერთან“ მოლაპარაკებებს მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით აწარმოებდა, რაშიც „მსოფლიო რაგბი“ გვეხმარებოდა. რასაკვირველია, გადამწყვეტი „6 ერის“ სიტყვა იყო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სრულფასოვანი მოსამზადებელი პერიოდისა და სათამაშო პრაქტიკის არქონის პირობებში, ძალიან რთული იქნება მსოფლიოს გრანდებთან პაექრობა და მაღალი ხარისხის თამაშის ჩვენება. თუმცა, ერთ რამეზე ყველა ვთანხმდებით – ჩვენი საამაყო ბორჯღალოსნები მოედანზე ყოველთვის საბრძოლველად გადიან და თავი არასოდეს არ დაუზოგავთ. ეჭვი არ გვეპარება, რომ ახლაც ასე იქნება.
ასეთ ტურნირში მონაწილეობა თავისთავად უდიდესი პატივი და ქართული რაგბის აღიარებაა. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მოგვცემს შანსს მივუახლოვდეთ „6 ერს“ და ერთ დღეს შევუერთდეთ მსოფლიოში ამ ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს. ამ შეჯიბრში მონაწილეობით, მივიღებთ ფასდაუდებელ გამოცდილებას, როგორც სპორტული, ასევე სატურნირო მენეჯმენტის თვალსაზრისით. „შემოდგომის ერთა თასი 2020“ უამრავ ბავშვს მოიყვანს საქართველოში სარაგბო მოედნებზე და სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს ჩვენს ქვეყანაში რაგბის განვითარებაზე მომავალში.
დასასრულს გვინდა ქართული რაგბისთვის ამ ღირსშესანიშნავ დღეს გამოვხატოთ ჩვენი დიდი მადლიერება ყველა იმ ორგანიზაციისა თუ პიროვნების მიმართ, ვინც შეძლებისდაგვარად, ფინანსურად თუ სხვა ფორმით, გვერდში ედგა ქართულ რაგბის. წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მზარდი ფინანსური დახმარების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა სპორტის ჩვენი საახეობის წარმატებები, რისთვისაც გულწრფელ მადლობას ვიხდით. ცალკე აღნიშნვის ღირსია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და მისი დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი ქართული რაგბის განვითარებასა და წინსვლაში. მისი მრავალმილიონიანი ინვესტიციები სარაგბო ინფრასტრუქტურასა და სხვა მრავალ პროექტში მსოფლიოს მასშტაბით აღმოჩნდა უნიკალური, რაც შეუმჩნეველი არც „მსოფლიო რაგბისთვის“ დარჩენილა და 2014 წელს, ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე, ბატონ ბიძინას გადაეცა სპეციალური პრიზი რაგბის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. რასაკვირველია, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს საყვარელ გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის, ერთგულებისა და მოთმინებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ ქართულ რაგბის", - ვკითხულობთ განცხადებაში.