ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი საერთაშორისო სტანდარტებისთვის შეუსაბამოდ ცნო; პროექტი ამავე საფინანსო ინსტიტუტების უსაფრთხოების პოლიტიკას და სტანდარტებს არღვევს. ინფორმაციას „მწვანე ალტერნატივა“ ავრცელებს.
საქმე ეხება ნენსკრა ჰესის დამფინანსებელების - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მოთხოვნებს, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს პროექტი ვერ აკმაყოფილებს.
„კერძოდ, ნენსკრა ჰესი ბანკების სტანდარტებს არ შეესაბამება ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორებიცაა: ძირძველი მოსახლეობის უფლებები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პროექტის ალტერნატივების შესწავლა, გენდერული საკითხები, ინფორმაციის გამჭვირვალობა, ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელთა კომპეტენცია.
აღნიშნული პრობლემების შესახებ EBRD-ისა და EIB-ის გასაჩივრების ორგანოებმა გამოძიება 2018 წელს მათთან შესული საჩივრების[2] შემდეგ დაიწყეს. მოსარჩლეები არიან ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები "მწვანე ალტენრატივა" და CEE Bankwatch Network-ი”, - წერია "მწვანე ალტერნატივის" მიერ გავრცელეbულ ინფორმაციაში.
გასაჩივრების მექანიზმების დასკვნებში აღნიშნულია, რომ EBRD-ის და EIB-ის მენეჯმენტმა ნენსკრა ჰესის პროექტი ბანკების დირექტორთა საბჭოებს დასამტკიცებლად ისე წარუდგინეს, რომ ის გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.
მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი შეუსაბამობები დადგინდა, EBRD-ის და EIB-ის გასაჩივრების მექანიზმები ბანკების მენეჯმენტისგან შეცდომების გამოსწორებას ითხოვენ და მათთვის რეკომენდაციები მოამზადეს, მათ შორის: ხელახლა გამოიკვლიონ სვანების ძირძველი მოსახლეობის სტატუსთან შესაბამისობის საკითხი, შეიმუშავონ პროექტის ალტერნატივები, სრულად შეისწავლონ ჰესისა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული და დაგეგმილი პროექტების კუმულაციური (ერთობლივი) ზემოქმედება, პროექტის სოციალური და გენდერული ზემოქმედება, აგრეთვე ზეგავლენა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე; გაიზარდოს ნენსკრას მმართველი კომპანიის გარემოსდაცვითი და სოციალური გუნდის თანამშრომელთა ცოდნა, კომპეტენცია და უნარები.
ნენსკრას პროექტში ოთხი საერთაშორისო ბანკი მონაწილეობს. EIB-ი ჰესისთივს 150 მილიონი ა.შ.შ დოლარის გამოყოფას აპირებს, EBRD-ი - 214 მილიონი ა.შ.შ დოლარის. პროექტში ჩართული არიან აზიის განვითარებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკებიც.
„მწვანე ალტერნატივა“ იტყობინება, რომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივი პროექტი, 280 მეგავატის სიმძლავრის ნენსკრა ჰესი ქვეყანაში ერთ-ერთი მასშტაბური იქნება - თუ განხორციელდა, ის გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მთისა და მდინარეების ეკოსისტემებს, გააუარესებს საცხოვრებელ გარემოს და ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის სვანეთის მოსახლეობას.