"ნაციონალურ მოძრაობაში" იმძლავრა პარტიულმა ინტერესმა და ეს ნამდვილად სამწუხაროა, - განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ენმ-ს მიერ მიხეილ სააკაშვილის პრემიერი-მინისტრობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეს ბიძინა ივანიშვილს უმარტივებს ამოცანას, რადგან პოლარიზება შედის ივანიშვილის ინტერესებში.
"მე არ დავიწყებ სამართლებრივ დეტალებზე, მოქალაქეობაზე, აღძრულ საქმეებზე ლაპარაკს, პოლიტიკურ შეფასებას გავაკეთებ და შემიძლია გითხრათ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისა და გახმოვანების დროს „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმძლავრა პარტიულმა ინტერესმა და ეს ნამდვილად სამწუხაროა, რადგან პარტიულად გასაგებია, რომ მათი მომხრეების მაქსიმალურად მობილიზაცია მოხდება, მაგრამ ამავდროულად ძალიან სერიოზული იქნება შიში და უარყოფითი დამოკიდებულება იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც კატეგორიულად არ უნდათ სააკაშვილის დაბრუნება. ამან შეიძლება, გარკვეულწილად ბიძინა ივანიშვილს გაუმარტივოს ამოცანა, რადგან პოლარიზება შედის ივანიშვილის ინტერესებში. მე ვთქვი რამდენიმე დღის წინ, რომ რევოლუციური გადაწყვეტილება სააკაშვილის მხრიდან იქნებოდა, გამოეცხადებინა, რომ ამ არჩევნებში გვერდზე გადის პროცესიდან, არ აძლევს ივანიშვილს პოლარიზაციის საშუალებას და მაქსიმალურად ხელს უწყობს მრავალპარტიულ არჩევნებს. ნუ ახლა, გასაკვირი ის იქნებოდა, ამისთვის რომ დაეჯერებინა", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ოპოზიციურმა გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია" პრემიერ მინისტრობის კანდიდატად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაასახელა.