ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ბაჩალიაშვილების ოჯახს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს.
მისი განცხადებით, FBI-ს პროცესებში მონაწილეობა მაშინ ხდება, როდესაც საქმეში ამერიკის მოქალაქე ან ამერიკული ინტერესია წარმოდგენილი.
"კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს, ეს უდიდესი ტრაგედიაა. ვხვდები, რაოდენ დიდ ტკივილს განიცდიან ისინი შვილის დაკარგვასთან დაკავშირებით.
ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ FBI არის სამართალდამცველი ორგანიზაცია აშშ-ში და მათი იურისდიქცია ვრცელდება ამერიკის შეერთებულ შტატებზე. მათი ჩარევა საკითხში ხდება მაშინ, როდესაც ამერიკის მოქალაქეს ეხება საქმე ან მაშინ, როდესაც ამერიკული ინტერესია წარმოდგენილი”, - განაცხადა კელი დეგნანმა.
საქართველოს პროკურატურამ დღეს განაცხადა, რომ FBI თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოსაძიებლად არ ჩამოვა . პროკურორმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართულ მხარეს კომუნიკაცია ჰქონდა ამერიკის ფედერალურ ბიუროსთან, მათ კი განმარტეს, რომ შტატების გარდა სხვა ტერიტორიაზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების უფლება არ აქვთ.
"ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ფედერალური ბიუროს წარმომადგენელთან თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების საკითხზე, საიდანაც მივიღეთ განმარტება, რომ ამერიკის ფედერალური ბიურო, იძიებს მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე და ასევე, მათთან დაკავშირებულ კონკრეტულ საქმეებს, შესაბამისად, მათ ჩვენს ტერიტორიაზე გამოძიების ჩატარების უფლება არ აქვთ. ამიტომ, ჩვენს ტერიტორიაზე მოქმედი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება, მხოლოდ ჩვენს, ქართულ მხარეს გააჩნია“, - განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.