გვჭირდება, რომ ხალხს საკუთრებაში დავუბრუნოთ ის ქონება, რომელიც დღეს არის ბიუროკრატების ხელში , - თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, ფოთში, ხობსა და სენაკში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ, ევროპული საქართველოს ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციაზე.
მისი თქმით, ყველა ის საწარმო, რომელიც ხალხის ხარჯზე წამგებიანია და საიდანაც ფულს და სისხლს წოვენ ბიუროკრატები, უნდა იყოს ხალხის კერძო საკუთრებაში.
"როცა ქვეყანას პატრონი ჰყავს, როცა გადასახადები დაბალია, როცა მოდის უცხოური ინვესტიციები, მაშინ იქმნება სამუშაო ადგილები და ეს არის ჩვენი გეგმა. ეს არის კომპასი, რომლითაც ვივლით წინ, ეს არის გარდამტეხი ცვლილება, რომელსაც მოვახდენთ ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამასობაში არიან გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც დღეს და ხვალ ვერ გამოვლენ სიღარიბიდან. სანამ ქვეყანა ფეხზე დგება, ჩვენ უნდა გამოვნახოთ სახსრები და გამონახული გვაქვს ჩვენ გეგმაში რომ ამ ხალხს გავუორმაგოთ პენსიაც და დახმარებაც და ეს არ არის ზოგადი სადღეგრძელო. ჩვენ დავითვალეთ სად იფლანგება ჩვენი საერთო ფული. 2 მილიარდი ლარი, მინიმუმ, იფლანგება. ეს ფული უნდა მივმართოთ იმაზე, რომ ვისაც უჭირს, იმას ხელი გავუმართოთ და კონკრეტული დაპირება კი არა, გეგმა გვაქვს. ორჯერ გაზრდა პენსიის, ორჯერ გაზრდა დახმარების. ეს არის ის გარდამტეხი ცვლილება, რაც უნდა მოვახდინოთ“,- თქვა ბოკერიამ.