უნდა გავაგრძელოთ ღირსეული, სამართლიანი სახელმწიფოს შენება, - განაცხადა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქედაში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ანზორ ბოლქვაძის და ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენაზე.
„ბოლო 8 წელი მართლაც გამორჩეული იყო, როგორც ქედისთვის, ისე, ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ღირსეული, სამართლიანი სახელმწიფოს შენება, რომელსაც 2012 წელს საფუძველი დაუდო ჩვენი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განვითარება და აღმშენებლობა იგრძნობოდეს ყველგან, როგორც ქალაქში, ასევე, სოფლად.
ქედა ყოველთვის იყო გამორჩეული, პირველ რიგში, ქედელებით, თავისი შრომისმოყვარეობით, მუყაითობითა და ყოველთვის ჩვენ ვიყავით ამაყი იმ შედეგებით, რომელიც გვქონდა ქედაში.
პრემიერმა დეტალურად ისაუბრა დაგეგმილ პროექტებზე, რომელიც განხორციელდა და განხორციელდება ქედაში. მინდა რამდენიმე მათგან შევეხო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ სოფლის მეურნეობას, ეკოტურიზმს ახალი დინამიკა, ახალი განვითარება მიეცა. იცით, რომ წელს როგორც ქედაში, ისე, მთლიანად აჭარაში და მთელს ქვეყანაში არ დარჩენილა არც ერთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც არ დამუშავებულა. რა თქმა უნდა ეს არის წინაპირობა მეტი განვითარების, მეტი ეკონომიკის ადგილზე და ეს არის საშუალება, კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა ჰქონდეს თოთოეულ ქედელ გლეხს, ფერმერს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტად, დინამიურად განვავითაროთ ტურიზმი, ასევე მეღვინეობა, სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოქმედებს მნიშვნელოვნად დაეხმარება ღვინის წარმოებას, რათა მეტი განვითარება და ახალი საფეხური ჰქონდეს ამ ლამაზ მუნიციპალიტეტში.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდით. დარწმუნებული ვარ, წარმოდგენილი კანდიდატები დაიმსახურებენ თქვენს ნდობას და ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის, ჩვენი აჭარის წარმატებისთვის და რა თქმა უნდა, ქედის წარმატებისთვის“, - თქვა რიჟვაძემ.