ქედა შუა საუკუნეებიდან დაწყებული, ვაჭრობისა და ქვეყნის განვითარების ცენტრი იყო, დღეს კი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრად იქცა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქედაში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ანზორ ბოლქვაძისა და ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენისას.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქედაში ბევრი მნიშვნელოვაბი ინფრასტრუქტურული პროექტია დაწყებული, რომელიც უნდა დასრულდეს.
„თქვენ აქ ცხოვრობთ და ყოველდღიურად, ჩამოსულ სტუმრებს აცნობთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, წარსულს და მომავლის იმედს უქმნით თითოეულ აქ მცხოვრებ ადამიანს. ბევრი კარგი საქმე, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და ქედაში ბევრი წამოწყებაა დასასრულებელი. ბევრი ისეთი რამ არის გასკეთებელი, რაც ჯერ კიდევ აღელვებს აქაურ ხალხს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ყველას კარგად გვესმის, რომ წყალმომარაგება, წყალარინება არის უაღრესად დიდი პრობლემა და ყველამ ერთად ამას უნდა მივხედოთ. მოგეხსენებათ, უახლოესი ორი-სამი წლის განმავლობაში ეს პრობლემა მოგვარდება. გაზიფიცირება მაღალმთიან აჭარაში პრობლემაა და მომავალი წლიდან დაქსელვასაც დავიწყებთ და თითოეულ ოჯახს ეს პრობლემა უნდა მოვუგვაროთ. მუნიციპალური ცენტრიდან სოფლებამდე გზები ასე თუ ისე ნორმალურ მდგომარეობაშია, ქედაში, სოფლების შიდა გზებისთვის თანხები უკვე გამოყოფილია და ამის რეაბილიტაცია დაიწყება. ბევრი რამ გაკეთდება. ქედის საშუალო სკოლის რემონტი, მუზეუმის, კულტურის სახლის რემონტი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ - თბილისში, ბათუმში, თუ ქედაში, ჩვენს მოქალაქეებს და მოსახლეობას შორის სხვაობა არ უნდა იყოს. ის მინიმალური ცხოვრების დონე უნდა დაკმაყოფილდეს ყველგან, სადაც საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.