ვინ არ სცადა, ათასწლეულების განმავლობაში, ეს კუთხე გადაეჩვია სამშობლოს სიყვარულს, ვერავინ მოახერხა. ასწლეულების მანძილზე აქაური მუსლიმი და მართლმადიდებელი ძმები ერთად იბრძოდნენ ქვეყნის ერთიანობისთვის და სამშობლოს სიყვარულშ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა, რასაც ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ და რაც უნდა გავაძლიეროთ, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის რესან კონცელიძისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატ ტიტე აროშიძის წარდგენისას განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ბათუმს წლებია ქვეყნისთვის აქვს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა.
„აქ, აჭარაში, პირველ რიგში, რაც გახსენდება და რითიც გინდა საუბარი დაიწყო, არის ის, რომ ვინ არ სცადა, ათასწლეულების განმავლობაში, ეს კუთხე გადაეჩვია სამშობლოს სიყვარულს, ვერავინ მოახერხა. ასწლეულების მანძილზე აქაური მუსლიმი და მართლმადიდებელი ძმები ერთად იბრძოდნენ ქვეყნის ერთიანობისთვის და სამშობლოს სიყვარულშ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა, რასაც ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ და რაც უნდა გავაძლიეროთ. ბათუმი არის ქვეყნის კარიბჭე. ბათუმი არის წერტილი, საზღვაო, სარკინიგზო, საავტომობილო გზების კვანძი. ბათუმს წლებია ქვეყნისთვის აქვს უაღრესად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა. არა მხოლოდ ეკონომიკური, რა თქმა უნდა, კულტურულიც, მაგრამ ეკონომიკა დღეს იქმნება არა მარტო თბილისში, არამედ აჭარაში, ბათუმში და ბევრ სხვა ქალაქებში. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ბათუმი არის ის ქალაქი, რომელის წარმატებითაც თითოეულიქართველი ამაყობდა და იამაყებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პანდემიასთან ბრძოლაში გაწეული ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება და გაკეთდება იმისათვის, რომ პანდემიით გამოწვეული დარტყმა ბიზნესზე და ეკონომიკაზე, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
„რთული დღეები დაგვიდგა. ვგულისხმობ პირველ რიგში პანდემიას. განსაკუთრებით დაზიანდა ბათუმი, იმიტომ, რომ ბათუმი საქართველოს ტურისტული დედაქალაქია, მაგრამ ჩვენ ერთად ყველაფერი გავაკეთეთ და მომავალშიც გავაკეთებთიმისთვის, რომ ეს დარტყმა ბიზნესზე, ეკონომიკაზე, ბათუმის ეკონომიკაზე როგორმე მინიმუმამდე დავიყვანოთ და ამას მოვახერხებთ. ბათუმელებმა მოიგონეს პანდემიასთან ბრძოლაში წარმატებული საკარანტინე სივრცე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუჩვენ ყველანი ერთად ვართ წარმატებულები პანდემიის რისკების მართვაში, ეს საკარანტინე სივრცეები არის გასაღები ქართული მოდელის, რომელიც ჩვენ ერთად შევქმენით. ეს გვიცავს თითოეულ ჩვენგანს. გარდა ამისა, გარკვეულ შესაძლებლობას აძლევს სასტუმრობისნესს თანამშრომლების დასაქმებაში. ჩვენ ყველა უნდა ვიყურებოდეთ ხვალინდელი დღისკენ. ჩვენ სწორება უნდა გავაკეთოთ მომავალზე და ყველანი უნდა მივხვდეთ იმას, რომ ამ ვირუსს დავარმარცხებთ, მთავარია, გადავარჩინოთ ეკონომიკა და მთავარია, ყველამ ერთად, ეკონომიკური აღორძინებისთვის ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ ისეთმა წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა, როგორიცაა Fitch-ი და Standard & Poor's-ი საქართველოს გლობალური გამოწვევების პირობებში შეუნარჩუნეს რეიტინგი, რაც უაღრესად ძლიერი მესიჯია ინვესტორებისთვის, ეკონომიკისთვის.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვებრძვით ვირუსს, ვიბრძვით ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად და ჩვენ საარჩევნო წელი გვაქვს. ეს ყველაფერი ეკონომიკისთვის სტრესია. ცალკე აღებულიც კი - მხოლოდ ვირუსი, მხოლოდ საარჩევნო წელი, ეკონომიკური კრიზისი და ჩვენ ყველაფერი გვაქვს. ამას უნდა გავუძლოთ და გავუმკლავდეთ, რადგან ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი მომავლის წინაშე. ჩვენი მომავალი უნდა იყოს აბსოლუტურად პროგნოზირებადი და დაგეგმილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა აჭარაში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბათუმში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
„აჭარის რეგიონში აშენდა 5 ჰესი დადგმული სიმძლავრით დაახლოებით 260 მეგავატი და ამაში 700 მლნ დოლარზე მეტი დაიხარჯა. მხოლოდ გზების დეპარტამენტმა ბათუმის სისტემურ ინფრასტრუქტურაში, გზებში 300 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, მაგალითად აშენდა ქობულეთის შემოვლითი გზა. თუმცა ეს საკმარისი არ არის, უნდა გაკეთდეს ბათუმის შემოვლითი გზა 13 კმ, რომელიც დაიწყება, უნდა გაკეთდეს ბათუმი-სარფი და შეუერთდეს ბათუმის შემოვლით გზას, რათა სატრანზიტო ტვირთი ქალაქის შუაში არ გადიოდეს, თითოეულ მოქალაქეს დისკომფორტს და ქალაქს და ქვეყანას ეკოლოგიურ პრობლემებს არ უქმნიდეს. ეს ყველაფერი გასაკეთებელია ყოველდღიურად. სერიოზული ინვესტიციები ხორციელდება აჭარის დაცულ ტერიტორიებზე და ეს გასაგრძელებელია. ჩვენი დევიზი მარტივია - ბევრი კარგი საქმეა დაწყებული, რომელიც ყველამ ერთად უნდა მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე - ისეთ დასასრულამდე, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დასასრულებელია ბათუმში წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემები.
„3 ფაზა უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს მე-4 ფაზა, მე-5 უნდა დავასრულოთ რომ ქალაქში იყოს კომფორტული ცხოვრება და ჩვენი სანაპირო იყოს სუფთა, როდესაც დავხვდებით და ვეპატიჟებით სტუმრებს.
ბევრი რამ არის გასაკეთებელი განათლების სისტემაში და ახალი ცენტრი შენდება ბათუმში. ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ყველაფრის ცენტრში უნდა იყოს ადამიანი, მისი ღირსება და სამართლიანობა, ეფექტური სახელმწიფო მანქანა და რა თქმა უნდა, სამართლიანი სახელმწიფო აპარატი. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. არავინ იცის ისე ზუსტად, როგორც „ქართულმა ოცნებამ“, სად, როდის და როგორ უნდა გავაკეთოთ. ზუსტი გეგმა გვაქვს, ყოველდღიურად გაწერილი და ეს ბათუმის მშენებლობის ტემპებსაც ეტყობა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, პირველი, რაც უნდა იყოს სისტემური ცვლილება ბათუმის ცხოვრებაში - „ოცნების ქალაქი“, რომელიც მართლა უნდა გახდეს ოცნების ქალაქი და სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა მოქალაქეების მიმართ უნდა გამოვლინდეს იმაში, რაც ამ მოქალაქეების ოჯახებში მოხდება უახლოეს თვეებსა და წლებში. რა თქმა უნდა, ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმა, რომელიც, ყველა ვთანხმდებით, რომ ადრეც უნდა გაკეთებულიყო. ყველა ვთანხმდებით, რომ ბათუმის ყველანაირი განვითარება ჩვენ არ გვინდა და მას, რაც ძველი ბათუმიდან დარჩენილია, უნდა გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ. ამისთვის საჭიროა განაშენიანების გეგმა, რომელიც ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. წელს ტენდერი გამოცხადდება, 1 წელიწადში დასრულდება და ეს უნდა იყოს განუხრელი კანონი თითოეული მშენებლისთვის. მორჩა მარტო ფულის კეთების დრო, უკვე აუცილებელია, ვიფიქროთ ბათუმის იერსახეზე და რაც დღეს დაგვრჩა, ის მაინც შევინარჩუნოთ. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში, ასევე საქართველოს პარლამენტში ბათუმს ეყოლება ღირსეული წარმომადგენლები.
„რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში, ასევე საქართველოს პარლამენტში თქვენ გეყოლებათ ღირსეული წარმომადგენლები. რესან კონცელიძე არის ღირსეული ბათუმელი, რომელსაც თქვენ ჩემზე უკეთ იცნობთ და ტიტე აროშიძეც არის ახალგაზრდა, უაღრესად ნიჭიერი ადამიანი, რომელიც იქნება ძლიერი ხმა უმაღლეს საბჭოში. დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად გავიმარჯვებთ, მაგრამ რაც მთავარია, გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში, აჭარის და საქართველოს წინსვლისთვის. გამარჯვებას გისურვებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.