ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ქვეყნის პრობლემაა, რომ მიხეილ სააკაშვილი დევნილობაშია, მისი პერსონისგან დამოუკიდებლად. ამის შესახებ ბოკერიამ "ფორმულას" გადაცემა "კომენტარში" ისაუბრა:
"აბსოლუტურად არანორმალური ვითარებაა, რომ ერთერთი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ძალის დე-ფაქტო ლიდერი არის დევნილობაში, იძახის რომ ჩამოვა, მერე ვერ ჩამოდის, იმიტომ, რომ აქ დაიჭერენ. მერე ამაზე თავს ესხმიან, დასცინიან ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს არის საქართველოსთვის პრობლემა, არა ამ პერსონის გამო. ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ ეს ამბავი უნდა დავასრულოთ, საერთოდ აღარ უნდა იდგეს მომავალში", - ამბობს ბოკერია.
მისივე თქმით, ენმ-ის უფლებაა, წარადგინოს პრემიერობის კანდიდატად, ის, ვინც სურს, თუ ეს პარტია არჩევნებში იმდენ ხმას აიღებს, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას შეძლებს.
"მაგრამ ვიცით, რომ ვერც ერთი ძალა ვერ მიიღებს 50%-ს, ამიტომ ყველას მოუწევს გონივრულ კომპრომისებზე წასვლა. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ფიგურა, რომლის გარშემოც მოხერხდება ამ ტიპის კომპრომისის მიღწევა," - ამბობს ბოკერია.