კორონავირუსი სამყაროს გარკვეულ პრობლემებს კიდევ ერთი წლის და მეტი ხნის განმავლობაში შეუქმნის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსული ინფექცია არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ, არც ერთ და არც ხუთ თვეში.
„კორონავირუსული ინფექცია ჩვენ და მთელ სამყაროს გარკვეულ პრობლემებს კიდევ ერთი წლის და მეტი ხნის განმავლობაში შეუქმნის, სანამ არ იქნება ეფექტური ვაქცინა და ეფექტური წამალი. ამიტომ ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად, ძალაში რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ თანდათან უნდა გავზარდოთ მობილობა. ამის პარალელურად ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა აუცილებელია. ის, რაც ჩვენ დღეს გვაქვს – ყოველდღიურად 10, 15, 20 შემთხვევა – ეს ჯანდაცვის სექტორისთვის დიდი პრობლემა არ გახლავთ და ამ შემთხვევებს საკმაოდ კარგად მართავს. დაახლოებით, ამ ჩარჩოში უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა“, – განაცხადა გამყრელიძემ.