დღეს, 20 ოქტომბერს, გია ბუღაძის პერსონალური გამოფენა "დანისლული კელდები~ გაიხსნება. გამოფენა გალერეა "ვერნისაჟში" გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, 30 ფერწერული ნამუშევარი წარმოადგენს ახალ სერიას, თბილისის, ბათუმის და ქუთაისის ძველი უბნების მხატვრისეულ ინტერპრეტაციას. ექსპოზიცია ეხმიანება დროისა და ისტორიის ცნებებს, რომლებიც ბზარს უჩენს და ანგრევს ისტორიულ ნაგებობებს.
"ნამუშევრებში ხშირად შეხვდებით შეფიცრული სახლების ფასადებს, დაბზარულ ფასადებს და ნაგებობების მხატვრულ პორტრეტებს, რომლებიც დღეს ჯერ არიან, მაგრამ მათი მომავალი ისეთივე დეფორმირებული, როგორც ამჟამინდელი მათი სილუეტები. ნამუშევრებში ვხედავთ დროის მიერ დაღდასმულ კედლებს და ნგრევის ნიშნით აღბეჭდილ გარემოს. პოეტიკა, რომელიც ერთიანობაში გარკვეულ სიმფონიას ქმნის. ის, რაც თითქოს წარმავალია და ნგრევადია, ხელოვნების ენით მეტყველებს. მხატვარი ახალი სერიით ეთიკისა და ესთეტიკის ურთიერთთავსებადობის საკითხს გვახსენებს", _ აცხადებენ ისინი.
გამოფენა 28 ოქტომბრამდე გასტანს.