რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება.
რუსი დიპლომატის თქმით, ოფიციალური მოსკოვი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.
„თბილისის ინიციატივითა და მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ განხორცილებული სამხრეთოსური ავანტიურის შედეგად, "ბოლო 12 წელია რუსეთი და საქართველო ურთიერთქმედებენ დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში. ამის მიუხედავად, რუსეთში უცვლელად გამოდიან საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო და მეგობრული ურთიერთობების მხარდაჭერით. რადგან სჯერათ, რომ ამაშია სწორედ ორივე ქვეყნისა და ხალხის ეროვნული ინტერესი. ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" მიერ 2012 წელს ინიცირებულ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის კურსს. ჩვენი ქართველი პარტნიორები კი კონიუქტურული მიზნებით პერიოდულად ათამაშებენ ანტირუსულ კარტს. ამ მხრივ, თანმიმდევრულობის დანაკლისი სახეზეა.
სამწუხაროდ, დადებით დინამიკას ხაზი გადაუსვა 2019 წლის ივნის-ივლისის მოვლენებმა თბილისში, როდესაც ქართველი ნაციონალ-რადიკალების პროვოკაციის საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტმა დროებით შეზღუდა საქართველოსთან სამგზავრო ავიაგადაზიდვები. მინდა, იმედი მქონდეს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია. აგრეთვე ვიმედოვნებთ, რომ პანდემიის გამო შეჩერებული პოლიტიკური დიალოგი არსებულ ფორმატებში მალე აღდგება“, - აცხადებს სერგეი ლავროვი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ შეაჩერა.