ბათუმში კარვები განთავსდება, სადაც მოქალაქეებს კოვიდ 19-ზე ტესტირების ჩატარება შეეძლებათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
"ვმუშაობთ საკითხზე, რომ ბათუმის ბულვარში ორი კარავი დაიდგას და ნებაყოფლობით ადამიანებს შევთავაზოთ ტესტირება, რათა გვქონდეს ინფორმაცია, ინფექცია აჭარის რეგიონში ტრიალებს თუ არა. ზოგადად მეტი ყურადღება გვჭირდება. აქტიურია ტურიზმის სეზონი აჭარაში, ასევე აქტიურია სხვა ჩვენთვის მიმზიდველ ტურისტულ რეგიონებში და რა თქმა უნდა, პრევენციული ღონისძიებები ყველგან უნდა გავატაროთ. ის მოწოდებები, რასაც ვსაუბრობთ, რომ ნიღბის გამოყენება, დისტანციის დაცვა, ხელების დაბანა, დამუშავება, დიდი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება - ეს ყველაფერი ძალაში რჩება. ახლა აქტიური სეზონია, ადამიანების მობილობა გაზრდილია, ფრენები მომატებულია, ტურისტები შემოდიან ქვეყანაში ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ინფექციის გავრცელების პრევენცია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.