მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა, ევროპული საქართველოს მაჟორიტარებს ძვირი დაუჯდებათ, - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, სალომე სამადაშვილი.
მისი თქმით, ბაქრაძის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებები ნამდვილად არ ეხმარება ამ ერთიანობას.
"ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ იფიქრა ბატონმა ბაქრაძემ, რომ მისი მხრიდან თავდასხმა მიხეილ სააკაშვილზე ძალიან ძვირი დაუჯდებათ მაჟორიტარ კანდიდატებს ევროპული საქართველოდან, სადაც მათ სჭირდებათ, მაგალითად თბილისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის მხარდაჭერა.
ასევე, ვფიქრობ, რომ ცოტათი გაუგებარი იქნება ამომრჩევლისთვის მსგავსი განცხადებები ადამიანისგან, რომელსაც საკონსტიტუციო უფლებამოსილებაც და ვალდებულებაც ჰქონდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის, როცა ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო. გაუგებარია, რატომ უნდა ენდოს ამომრჩეველი დავით ბაქრაძეს, თუ ის თავის დროზე ვერ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას.
ეს განცხადება არის დამაზიანებელი, როგორც საერთო ოპოზიციური მიზნებისთვის, ასევე დამაზიანებელია პირადად დავით ბაქრაძისთვის", - ამბობს სალომე სამადაშვილი
ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ გუშინ, 14 აგვისტოს განაცხადა, რომ მათი პარტიისთვის მიუღებელი იქნება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილისა და ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მომავალ მინისტრთა კაბინეტში, ან პრემიერის პოსტზე ყოფნა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ზე, ღამის კურიერის ეთერში ისაუბრა.