საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ევროკავშირის დამკვირვებლების შეშვება სთხოვა.
განცხადება ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დღეს დოვილში ფრანგულ-რუსულ-გერმანული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"კარგი იქნება თუ ჩვენი რუსი მეგობრები ამ ტერიტორიებზე ევროპელი დამკვირვებლების შეშვებასთან დაკავშირებით თანხმობას მოგვცემენ. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ამ თემაზე ჩვენი საუბარი ნორმალურ და ნდობით სავსე ატმოსფეროში შედგა და ვფიქრობ, რომ ყველა მხარესთან პოზიტიურ შედეგს მივაღწევთ", _ განაცხადა სარკოზიმ.
ამას გარდა, აღნიშნულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსი ოკუპანტების საქართველოს სოფელ პერევიდან გასვლას მიესალმა, ამ ფაქტს "მნიშვნელოვანი და პროგრესული ნაბიჯი" უწოდა და ამისათვის რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.