ლისაბონში დაგეგმილ ნატოს სამიტს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევიც დაესწრება. "მინდა განვაცხადო, რომ ნოემბერში დაგეგმილ ლისაბონის სამიტზე გავემგზავრები", _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის ქალაქ დოვილში რუსულ-ფრანგულ-გერმანული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
"მიმაჩნია, რომ ეს ხელს შეუწყობს კომპრომისების მოძიებასა და ზოგადად რუსეთის ფედერაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის დიალოგის განვითარებას", _ დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.
მედვედევის ამ გადაწყვეტილებით თავის სიხარული გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამოთქვა.
"ძალიან გახარებული ვარ, რომ პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ლისაბონში ნატოს სამიტს დაესწრება. ეს კარგი ახალი ამბავია, იმიტომ, აუცილებელია რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობები კარგ ნიადაგზე დადგეს", _ განაცხადა ანგელა მერკელმა.
თავის მხრივ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს უარი თქვას ბირთვულ შეკავებაზე. "საუბარი ჩვენს მეგობრებზეც რომ მიდიოდეს, ჩვენ ყველას ძლიერი პოზიციები გვაქვს. საფრანგეთმა ამ სფეროში ყველა შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ჩვენ გამჭვირვალეობასა და განიარაღებას ვემხრობით", _ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ რამდენიმე დღის წინ იგი ნატოს გენერალურ მდივანს ანდრეს ფოგ რასმუსენს ესაუბრა.
"ვფიქრობ შევძლებთ ისეთი შეთანხმების მიღწევას, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს და მიმაჩნია, რომ ნატო, რომელიც არის სამხედრო ალიანსი არ უნდა იყოს ერთადერთი ალიანსი, რომელიც უარს იტყვის ბირთვულ იარაღზე", _ განაცხადა სარკოზიმ.
შეგახსენებთ, რომ ლისაბონში ნატოს სამიტი 20 ნოემბერს გაიმართება.