არაფერია იმაზე უფრო დიდი ღირსება ვიდრე ემსახურო შენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ლაგოდეხში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
გახარიამ ისაუბრა ლაგოდეხში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ ბევრი კარგი საქმეა დაწყებული, რომელიც უნდა დასრულდეს.
„ლაგოდეხში ბევრი რამე გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. არავინ ამბობს, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის, მარამ მთავარია ის, რომ ბევრი ძლიერი, კარგი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელიც უნდა დავასრულოთ. დაწყებულია წყალმომარაგების რამდენიმე პროექტი, მაგრამ ლაგოდეხის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი დასასრულებელია. დაწყებულია საბავშვო ბაღების და სკოლების რეაბილიტაცია. კაბალში ასაშენებელია ახალი სკოლა, რომელიც აუცილებლად უნდა აშენდეს. რა თქმა უნდა გასაგრძელებელია ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანა - გზების პირველ რიგში, იმისთვის, რომ ლაგოდეხმა რაც შეიძლება მეტი ტურისტი მიიღოს და ბარაქა შემოვიდეს რაიონში. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, გასაკეთებელია. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ამის საფუძველი არის ერთადერთი წარმატებული ქართული ოჯახი, წარმატებული საქართველო, ძლიერი ეკონომიკა და ევროპული ქვეყანა, რომელიც უნდა გახდეს სასურველი ჩვენი ძმებისთვის, რომ გავერთიანდეთ ერთ მთლიან, ერთობლივ სახელმწიფოში. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კანდიდატი თქვენთან არის ყოფილი გუბერნატორი, ადამიანი, რომელმაც ყველა ის დეტალი, ყველა ის პრობლემა, რომელზეც მე ვისაუბრე იცის ზედმიწევნით კარგად, ამიტომ, როგორც კი თქვენთან ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ და ის იქნება არჩეული, მეორე დღესვე მისი ძირითადი ამოცანა იქნება ხალხის მსახურება. არ არის არაფერი იმაზე უფრო დიდი ღირსება ვიდრე ემსახურო შენს მოქალაქეებს. მადლობა და გამარჯვებას გისურვებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.