დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი გამოწვევა არის სამუშაო ადგილები და ეკონომიკის აღორძინება და ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ თითოეული სამუშაო ადგილისთვის, ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თითოეული გლეხი კახეთში უნდა იყოს მყარად ფეხზე მდგომი, მას სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ლაგოდეხში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლა შინდისის გმირების გახსენებით დაიწყო და აღნიშნა, რომ 12 წლის წინ, 17 ქართველი გმირი უთანასწორო ბრძოლაში ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას შეეწირა.
„ჩემთვის უდიდესი პატივია დღეს საქართველოს ამ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კუთხეში მქონდეს შესაძლებლობა თქვენთან საუბრის. ჩვენ ყველანი ქართველები ვართ, საქართველოში ვართ და უნდა გავიხსენოთ დღევანდელი დღე. დღეს 11 აგვისტოა და ზუსტად 12 წლის წინ, 17 ქართველი გმირი უთანასწორო ბრძოლაში ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას შეეწირა. ეს ის ადამიანები არიან, ეს ის ქართველები არიან მთელი საქართველოდან, რომლებმაც ასე პირდაპირ, ვაჟკაცურად, ქართულად, მტერს დაუპირისპირდნენ და არ დაუთმეს არაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრძოლა იყო უთანასწორო. ჩვენი შინდისის გმირები ჩვენი უახლოესი ისტორიის ყველაზე დიდი ქართველები არიან, რომელთა სახელი უნდა გვახსოვდეს, მათ პატივი უნდა მივაგოთ და ჩვენი შვილები უნდა გავზარდოთ ამ მაგალითით. მაგრამ, ამასთან ერთად და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ყოველთვის ჰყავდა და ყოველთვის ეყოლება ასეთი გმირები, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რაც მთავარია, მშვიდობაზე ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ მშვიდობის გარეშე არ არსებობს არანაირი განვითარება. ქვეყანაში ვერაფერი განვითარდება თუ არ იქნება მშვიდობა - ვერც ტურიზმი, ვერც ეკონომიკა, ვერც განათლება, ვერაფერი. ამიტომ, ჩვენ უნდა გვყავდნენ გმირები, ჩვენ უნდა გვყავდეს ძლიერი ჯარი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.