პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ სოფელ პერევის დატოვების ფაქტს აფასებს. პოლიტოლოგის განცხადებით, რუსების პერევიდან გასვლაში მთავარი როლი საერთაშორისო თანამეგობრობამ და კიდევ რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა.
ცინცაძე აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ შესაძლოა პერევის დატოვების სანაცვლოდ რუსეთმა დასავლეთს საკუთარი მოთხოვნები წაუყენოს. იგი ეჭვობს, რომ რუსეთის მოთხოვნები შესაძლოა საქართველოს საკითხსაც ეხებოდეს.
ამის შესახებ ცინცაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" ისაუბრა.
ცინცაძის განცხადებით, რუსეთისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეხვედრების წინ, კრემლი ცდილობს დასავლეთს კეთილი ნების გამომხატველი ჟესტი აჩვენოს და სწორედ ამიტომ გაიყვანა ჯარის სოფელ პერევიდან.
"რუსეთის მიერ პერევის დატოვების მიზეზებზე საუბრისას ფაქტორების მთელი თაიგული შეიძლება გამოვიდეს. რასაკვირველია, ეს არის დაკავშირებული ჟენევის შეხვედრებთან, დიპლომატიური ზეწოლა რუსეთზე, ასევე, საფრანგეთში მიმდინარე შეხვედრა, სადაც წარმოდგენილნი არიან ნიკოლა სარკოზი, ანგელა მერკელი და დიმიტრი მედვედევი. პერევის დატოვება უკავშირდება ლისაბონის სამიტს და უკავშირდება ასევე მოლდოვას საკითხს. როგორც ჩანს ამ კონკრეტულ მომენტში რუსეთს აწყობს ასეთი რამ, რომ თავის დასავლელ პარტნიორებს აჩვენოს კეთილი ნება. აქ მთავარია სანაცვლოდ რას მოითხოვს რუსეთი, თორემ, ერთი ციცქნა სოფლის გათავისუფლება, როდესაც ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, მხოლოდ პრეცედენტი, 1-ლი ნაბიჯია. საინტერესოა, სანაცვლოდ რას მოითხოვს რუსეთი დასავლეთისაგან და შეგვეხება თუ არა მისი მოთხოვნები ჩვენ", - განაცხადა ცინცაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.