ხუთწლიანი შესვენების შემდეგ რუსეთის საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა "დიდი ტროიკის" ფორმატში მოლაპარაკებები განაახლეს. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პარიზიდან 200 კილომეტრის მოშორებით, ლა-მანშის სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქ დოვილში მსოფლიო პოლიტიკის საკითხებზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ.
სამი ქვეყნის ლიდერი დოვილში ორშაბათს საღამოს ჩავიდნენ და ერთმანეთს საღამოსვე სამუშაო ვახშამზე შეხვდნენ. სამმხრივი მოლაპარაკებები კი ამ დილიდან გაგრძელდა. შეხვედრის შედეგების შესახებ ინფორმაცია სამივე ქვეყნის ლიდერის შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, სამმხრივ შეხვედრაზე "ტროიკის" ლიდერები უახლოეს მომავალში დაგეგმილ მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ფორუმებზე იმსჯელებენ - ნატოს სამიტი ლისაბონში (19-20 ნოემბერი), ეუთოს სამიტი ასტანაში (1-2 დეკემბერი) და ევროკავშირისა და რუსეთის დიალოგი ბრიუსელში (7 დეკემბერი).
აღსანიშნავია, რომ სამმხრივი შეხვედრის დაწყების წინ სამუშაო შეხვედრა გამართეს გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა. გავრცელებული ინფორმაციით, მერკელისა და სარკოზის შეხვედრა ორმხრივ ფრანგულ-გერმანულ თანამშრომლობას ეხებოდა.