„ქრისტიან-დემოკრატები" მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში სარეზერვო ფონდების ზრდას აპროტესტებენ. გიორგი ახვლედიანის განცხადებით, პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდებში 50--50 მილიონი, სულ 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
„შარშანდელი ბიუჯეტის დაგეგმვისას ქამრების შემოჭერის პოლიტიკა სწორედ სარეზერვო ფონდების შემცირებით დაიწყო და თითოეული 25-25 მილიონით განისაზღვრა. ეს არის ის თანხები, რომელსაც პირდაპირ შეიძლება ვუწოდოს პრეზიდენტისა და მთავრობის ჯიბის ფული, რადგან ამ მიმართულებით კონტროლისა და მონიტორინგის საშუალება პრაქტიკულად არ არსებობს. თავდაპირველად, სარეზერვო ფონდებიდან თანხის გამოყოფა მხოლოდ ფორს მაჟორულ ვითარებაში იყო შესაძლებელი, საბიუჯეტო კოდექსში შეტანილი ცვლილების შემდეგ კი პრეზიდენტსა და მთავრობას მილიონების განკარგვა საკუთარი სურვილის შესაბამისად შეუძლიათ" - განაცხადა ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ.
გიორგი თარგამაძის პოლიტიკური გუნდი 2011 წლის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდების მოცულობის განახევრებას და გამოთავისუფლებული თანხის სოფლის მეურნეობის, განათლებისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით გადანაწილებას ითხოვს.