საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ სოფელ პერევის დატოვებას აფასებს. მისი თქმით, რამოდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამიტის წინ, რუსეთი ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობას თავი კონსტრუქციულად მოაჩვენოს და კალანდაძის აზრით, სოფელი პერევიდან ჯარების გაყვანა სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.
ამის შესახებ კალანდაძემ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
კალანდაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება საკუთარი სიძლიერის დამტკიცებას ყველა დონეზე ცდილობს, მას მაინც უწევს საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის გათვალისწინება, ამიტომ იმ მნიშვნელოვანი სამიტების წინ, სადაც საქართველოს საკითხი აუცილებლად იქნება განხილული, რუსეთი ცდილობს იყოს კონსტრუქციული. კალანდაძის განმარტებით, რუსეთის ნაბიჯებში არ შეიმჩნევა, რომ მათ საქართველოს დეოკუპაციის პროცესის დაწყება სურთ.
"სამწუხაროდ სკეპტიციზმის საფუძველს გვაძლევს რუსეთის ქმედებები და არა მხოლოდ დღევანდელი ქმედებები. რეალურად, რუსეთმა ეს კონკრეტული ნაბიჯი გადადგა, მხოლოდ იმიტომ, რომ სურს საერთაშორისო თანამეგობრობას თავი კონსტრუქციულად მოაჩვენოს. განსაკუთრებით, იმ საერთაშორისო სამიტების წინ, სადაც მათ სურთ თუ არ სურთ, საქართველო მნიშვნელოვანი განხილვის საკითხი იქნება. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ რუსები მხოლოდ პერევიდან გავიდნენ და არ ჩანს მათ მოქმედებებში საფუძველი იმისა, რომ ისინი მზად არიან რეალურად დაიწყონ დეოკუპაციის პროცესი, გვაფიქრებინებს იმას, რომ მათ მიერ პერევის დატოვება მხოლოდ ამ კონკრეტული პრაგმატული გადაწყვეტილების მატარებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ფონზე მათი ნაბიჯები გამოჩნდეს, როგორც კონსტრუქციული", - განაცხადა კალანდაძემ