"მადლობა ღმერთს ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციის გარეშე დავაკომპლექტოთ მთავრობა" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.
"კოალიცია ჩვენ არ დაგვჭირდება. "ევროპული საქართველო" ზუსტად იგივეა, რაც "ნაციონალური მოძრაობა" - შეგვიძლია ტოლობის ნიშანი დავუსვათ. ერთადერთი განსხვავება მათ შორის არის ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის 12%-იანი "ნაცმოძრაობა", ხოლო "ევროპული საქართველო" - 3%-იანი "ნაცმოძრაობა", შინაარსობრივად მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის, ერთი მეორეს სჯობნის იმ ნეგატიური მხარეებით, რითაც ხასიათდება ზოგადად "ნაციონალური მოძრაობა". სხვა პარტიებსაც რაც შეეხება, მათაც, არ ვიცი... დღეს ოპოზიციური სპექტრი, მთლიანობაში, არის ძალიან პრობლემური, თავისი წარსულით, თავისი აწმყოთი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება, "ლელოსთან", ან ალეკო ელისაშვილთან კოალიციას, კობახიძემ თქვა, რომ ეს მათთანაც გამორიცხულია.
"მათთანაც სხვადასხვა მიზეზის გამო იქნება, პრაქტიკულად, შეუძლებელი რაიმე ტიპის კოალიციის შექმნა და მადლობა ღმერთს, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციის გარეშე დავაკომპლექტოთ მთავრობა. ნებისმიერი კოალიცია იქნებოდა ძალიან პრობლემური ამ ოპოზიციური სპექტრის პირობებში, რომელიც არის მთლიანად აგებული რაღაც მერკანტიულ და საკუთარ, სუბიექტურ ინტერესებზე", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.