ავღანეთში, ქაბულისა და ბაგრამის სამხედრო ბაზების შემდეგ როტაციის პროცესი მაზარ-ი-შარიფშიც დასრულდა. II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს, მაიორ პაპუნა ხორავას მეთაურობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია და II ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ჭითანავა დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს. ქართველი ჯარისკაცები გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მისიას მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ 7 თვის განმავლობაში ასრულებდნენ. მათ მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება წარმოადგენდა. ქვედანაყოფი როტაციის წესით აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრებმა ასეულმა ჩაანაცვლა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ქართველი ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით, ქართველი მშვიდობისმყოფელები ქვედანაყოფებს ორკვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან.